weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიორგი კვირიკაშვილი აფგან მუხთარლის საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

21:23 შაბათი, 03 ივნისი 2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. კვირიკაშვილის განცხადებით, შექმნილი ვითარება პირველ რიგში, აზიანებს ქვეყნის იმიჯს, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია.

"ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, უპირველესი ამოცანაა, ყველა კითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გაეცეს პასუხი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესშია, პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს. სწორედ ამიტომ, სამართალდამცავი უწყებები აქტიურ კომუნიკაციაში არიან როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ ღია თანამშრომლობისთვის.

ჩვენ საკმაოდ რთული გზა გავიარეთ და დღეს ვართ სამართლებრივი, დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფის ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, იზიარებს მათ ფასეულობებს, აღიარებს კანონის უზენაესობას და იცავს ადამიანის უფლებებს. ჩვენ არაფრის ფასად დავთმობთ ამ მონაპოვარს და კვლავ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენს ქვეყანაში თითოეული ადამიანის უფლებები სრულად იყოს დაცული მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა იგი, ან როგორი პოლიტიკური შეხედულებები აქვს.

აქვე, მინდა დავაფიქსირო საქართველოს მთავრობის მხრიდან სრული მზადყოფნა, რომ მომართვის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო დახმარებას აღმოუჩენს აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ყველანაირი სამართლებრივი პროცედურების მოგვარების კუთხით.

ამასთან, მინდა ვთხოვო საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადებაში.

ზერბაიჯანელი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტი 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა, 30 მაისს კი ბაქოში მიაკვლიეს. ამჟამად ის აზერბაიჯანში წინასწარ სამთვიან პატიმრობაში იმყოფება. აზერბაიჯანული მხარე მას კონტრაბანდას, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება.

აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებით, აფგან მუხთარლი 29 მაისს, აზერბაიჯანის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის დროს იქნა დაკავებული. მათივე მტკიცებით, ჩხრეკის დროს მუხთარლის 10 000 ევრო აღმოაჩნდა. ჟურნალისტის ადვოკატი და მეუღლე კი აცხადებენ, რომ ის თბილისიდან ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა გაიტაცეს და შემდეგ აზერბაიჯანულად მოსაუბრე პირებს გადასცეს.

აფგან მუხთარლიმ აზერბაიჯანი 2014 წელს დატოვა, სადაც ხელისუფლება მისი პროფესიული საქმიანობის გამო დევნიდა. ის საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობდა და დამოუკიდებელი გამოცებისთვის, როგორებიცაა Meydan TV-სა და „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი“ (IWPR), თბილისიდან მუშაობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]